ახალი ამბები • 1728068947
ბათუმში, თხევადი გაზის პუნქტებთან დილიდან რიგებია
ბათუმში, თხევადი გაზის პუნქტებთან დილიდან რიგებია, რადგან ბუნებრივი აირის გათიშვის შემდეგ, მოთხოვნა გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ამ შემთხვევაშიც შეიქმნა. სადგურებზე, მარაგები ამოწურულია, რამაც, მოსახლეობა კიდევ უფრო გააღიზიანა. მოქალაქეების თქმით, როცა, ერთი დღით ადრე იყო ცნობილი ბუნებრივი აირის გათიშვის შესახებ, პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ და მარაგები შეევსოთ. მოსახლეობას არც ის მოსწონს, რომ ავარიული შემთხვევებისას, ალტერნატიული გაზმომარაგების ქსელი არ არსებობს.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც ბათუმსა და ხელვაჩაურს აირი არ მიეწოდება. კომპანიის აჭარის ფილიალის დირექტორის განცხადებით, გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, 6 ოქტომბრიდან აღდგება. ვახტანგ ბერიშვილის თქმით, ბუნებრივი აირის გარეშეა ქობულეთის 3 სოფელი, მათ შორის დაბა ჩაქვი.
1726726009