ბათუმში, 13 ოჯახი სარისკო კორპუსში ცხოვრობს

გიამბობთ კიდევ ერთ ავარიულ კორპუსზე ბათუმში, სადაც მოქალაქეები მუდმივ შიშში ცხოვრობენ. მუსხელიშვილის 64 ნომერში მდებარე მრავალბინიანი სახლი იმდენად ამორტიზებულია, რომ კიბე ნელ-ნელა ინგრევა, თითქმის ყველა ბინა კი უკვე დაბზარულია. 15-მდე ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ერთადერთი,  რაც ამ ეტაპზე ცნობიალია ის, არის რომ შენობა, პროგრამაში „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ მოხვდა.

მმართველი გუნდის ყურადღება, ვერც თხოვნით და ვერც კატეგორიული მოთხოვნით მიიქციეს. მუსხელიშვილის 64 ნომერში მდებარე კორპუსი, სადაც, 13 ოჯახი ცხოვრობს, იმდენად ავარიულია, რომ ეზოში ავტომობილის გავლისასაც კი, ბინებში ბიძგები იგრძნობა. დანგრევის პირასაა სადარბაზოს კიბეც. შენობიდან ქვები ყოველდღიურად ცვივა, შიში, რომ სახლი მოულოდნელად ჩამოინგრევა, მოქალაქეებში, უფრო და უფრო მძაფრდება.

როდის გადაიყვანს ხელისუფლება მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. არსებობს შესაბამისი დასკვნაც, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო არაა. მართალია, აღნიშნული შენობა, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამაში მოხვდა, თუმცა, აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ ვიდრე პროგრამა ამოქმედდება, ნაგებობა მიწასთან გასწორდება.

ბზარები, უკვე, თითქმის ყველა ბინაში გაჩნდა. იყო ასეთი პრეცედენტიც - რამდენიმე დღის წინ, სადარბაზოს კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში მცირეწლოვანი ბავშვი მოჰყვა.

კონკრეტული დრო, თუ როდის მოხდება მოქალაქეების გაყვანა ავარიული კორპუსიდან, კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის მუნიციპალურ სერვისცენტრში ვერც ჩვენ  გვითხრეს. განმარტავენ, რომ კომისია, საკითხს უახლოეს პერიოდში, ხელახლა განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ კი, ათი დღის განმავლობაში, მერია მოქალაქეებს უსაფრთხო საცხოვრებლებში გაყვანის ზუსტ თარიღს არ ეტყვის, მუსხელიშვილის 64 ნომერში მცხოვრებლები, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მეტის ნახვა