ავარიული სახლი და ცხოვრება საფრთხის პირისპირ - 8 ოჯახი დახმარებას ითხოვს

ავარიული სახლი და ცხოვრება საფრთხის პირისპირ. ანდრონიკაშვილის 42 ნომერში, 8 ოჯახი დახმარებას ითხოვს. კორპუსი ამორტიზებულია.  წლებთან ერთად საცხოვრებელი ნელ-ნელა მიწაში ეფლობა, იქ მყოფებს კი მერია დროულ დახმარებას ვერ სთავაზობს. ადგილობრივები გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ  და ითხოვენ, რომ შენობას ავარიული სახლის სტატუსი დაუყოვნებლივ მიენიჭოს.

ანდრონიკაშვილის 42 ნომერში, პირველ სართულზე ამბარცუმიანები წლებია ცხოვრობენ. 6 წევრიანი ოჯახი მუდმივად იმის შიშშია, რომ სახლი არ ჩამოიშალოს. მსგავსი სურათი დღეს შეიქმნა. იატაკი დაახლოებით დღის 2 საათზე ჩაინგრა. ბინაში იმ დროს ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

დღეს, ნანგრევებში მოყოლას გადაურჩნენ, თუმცა, არ იციან, როდის შეიძლება განმეორდეს მსგავსი სურათი. იმის გამო, რომ აქ ყოფნა საშიშია, ოჯახის წევრებს ბავშვები ღამის გასათევად ხშირად ნათესავებთან მიჰყავთ. გვიყვებიან, რომ თითქმის, 40 წელია მსგავს ჯოჯოხეთში ცხოვრობენ.

ეს ანდრონიკაშვილის 42 ნომერში მდებარე კიდევ ერთი ბინაა. როგორც აქ მცხოვრებლები ყვებიან, უამინდობისას საცხოვრებელში, იმ რაოდენობის წყალი შედის, გადაადგილებაც შეუძლებელია.

ავარიული შენობა უკვე წლებია მიწაში ეფლობა, აქ მცხოვრებლები კი პროცესის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებენ. ყვებიან, რომ მერიის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ, ერთჯერადად, 300 ლარიანი დახმარება შესთავაზეს, რაც მიზერული თანხაა. ითხოვენ, კორპუსს ავარიული სახლის სტატუსი დაუყოვნებლივ მიენიჭოს.

ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, ახლა რეაგირებისთვის ამხანაგობამ უწყებას წერილობით უნდა მიმართოს. ანდრონიკაშვილის 42 ნომერში, სულ 8 ოჯახი ცხოვრობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უიმედოდ დარჩენილმა ადგილობრივებმა დახმარებისთვის ტელევიზიას მიმართეს.

მეტის ნახვა