17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ლგბტ

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღი აერთიანებს ღონისძიებებს, რომლებიც ​ლგბტქ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა. 17 მაისი სიმბოლურად შეირჩა, რადგან 1990 წლის ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია.

ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს.

საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ იგი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.

ლგბტქ​ აქტივისტებმა 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობები არ ჩაატარეს, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს.

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

მეტის ნახვა