საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი 26 პოზიციით გაუარესდა

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციითაა გაუარესებული. გასულ წელს ჩვენი ქვეყანა 77-ე ადგილს იკავებდა, 2024 წლისთვის კი 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია წერს, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო რჩება მტრული, იზრდება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი. საქართველოს ხელისუფლების ჩარევა კი ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. ორგანიზაცია ხაზს უსვამს მრავალფეროვან, თუმცა პოლარიზებულ მედიაგარემოს და აღნიშნავს, რომ მედიამფლობელები აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს მათდამი კრიტიკულად განწყობილი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ზოგჯერ, მათ წინააღმდეგ ცენზურას, ცილისწამებისა და დაშინების კამპანიებს მიმართავს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთან ერთად, გაუარესებულია მდგომარეობა ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სერბეთში.

მეტის ნახვა